ტური წინანდლის ისტორიულ ბაღში
Tel:+995 598 760 860
წინანდალი — სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას. ზღვის დონიდან 560 მ. თელავიდან 10 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3264 ადამიანი. სოფელი ცნობილია იმით, რომ აქ მდებარეობს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი და XIX საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი. სოფელი წინანდალი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ჭავჭავაძეების სამამულო მიწას. ჭავჭავაძეთა გვარი კახეთში მეთვრამეტე საუკუნეში გადმოსახლდა. აქ თავის სასახლეში ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელიც მსახურობდა მეფე ერეკლე II–ის კარზე და საქართველოს სრულუფლებიან ელჩს წარმოადგენდა რუსეთში. მისი სასახლის შესახებ დღეისათვის მწირი ინფორმაცია არსებობს. ცნობილია, რომ სასახლე დღევანდელი ბაღის ჩრდილო–დასავლეთით მდებარეობდა. გარსევან ჭავჭავაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთ–საქართველოს ურთერთობებში და 1783 წლის 24 ივლისს ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს იოანე ბაგრატიონთან ერთად.
მეფე ერეკლემ მას დიდი მამული უბოძა ცივ გომბორის მთიდან კავკასიონის მთების სამხრეთ კალთამდე.
წინანდლის მამული მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს, პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ალექსანდრე ჭავჭავაძეს (1786—1846) ერგო. ალექსანდრე ჭავჭავაძე პეტერბურგში დაიბადა და საიმპერატორო კარზე იზრდებოდა. იგი იყო ეკატერინე II-ისა და ალექსანდრე I-ი ს ნათლული. 1818 წელს ალ. ჭავჭავაძემ წამოიწყო ახალი სასახლის მშენებლობა. დიდძალი სტუმრიანობის გამო, ცხადი გახდა, რომ სასახლე მასშტაბებში უნდა გაზრდილიყო. 1831 წელს წინანდალში მშვენიერი ბაღით გარშემორტყმული დიდი სასახლე უკვე დგას, რაზეც მეტყველებს გრიგოლ ორბელიანის ლექსი “ორი შენობა”, რომელშიც ავტორი გარსევან ჭავჭავაძის ძველი სასახლისა და ალექსანდრეს ახალი სასახლის შედარებას ახდენს. ალ. ჭავჭავაძეს ოთხი შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი ყავდა. უფროსი ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე ცნობილი რუსი დიპლომატისა და პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე იყო, მეორე - ეკატერინე ჭავჭავაძე სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მეუღლე, ვაჟი - დავითი რუსეთის საიმპერატორო სამხედრო სამსახურში გენერალ-მაიორი გახდა. მისი მეუღლე, ანა ბაგრატიონი, საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII შვილიშვილი იყო. ალექსანდრეს უმცროსი ქალიშვილი სოფიო ჭავჭავაძე ცოლად გაჰყვა კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსს ბარონ ალექსანდრე ნიკოლაის . XIX საუკუნეში წინანდალში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები. სასახლეს ასევე სტუმრობდნენ რუსი და უცხოელი დიპლომატები და ხელოვანები. წინანდლის სასახლე XIX საუკუნის კულტურულ კერას წარმოადგენდა.ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველად საქართველოს ისტორიაში წინანდალში ბოთლში ჩამოასხა ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო. რის შემდეგაც საქართველოში ევროპულად დამზადებული ღვინის წარმოებას ჩაეყარა საფუძველი. 1854 წელს, წინანდლის მამულებს შამილის რაზმი შემოესია. სასახლე დაარბიეს, და გადაწვეს. ტყვედ აიყვანეს დავით ჭავჭავაძის ოჯახი და ნათესავები — სულ 24 ადამიანი. შამილმა ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ შვილის ჯემალ-ედ–დინის გათავისუფლება და მილიონი მანეთი მოითხოვა; მოლაპარაკების შედეგად თანხა 40000–მდე შემცირდა. ოჯახის გამოსასყიდად დავით ჭავჭავაძემ წინანდალი, მუკუზანი და ნაფარეული დააგირავა. 1886 წელს დავით ჭავჭავაძე იძულებული გახდა წინანდლის მამული გაეყიდა და ეს უკანასკნელი საუფლისწულო მამულების დეპარტამენტის მფლობელობაში გადავიდა. ამავე პერიოდიდან წინანდლის მამულების დიდი რეკონსტრუქცია იწყება. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს სათავეში ცნობილი რუსი არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი ჩაუდგა. ხოლო 1887 წელს პარკის გადაკეთება შვედ ბოტანიკოსს არნოლდ რეგელს დაუკვეთეს. ამგვარად წინანდლის ჭავჭავაძისეული მამული რომანოვების საზაფხულო რეზიდენციად გადაკეთდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რომანოვების საზაფხულო რეზიდენცია გადაკეთდა ღვინის ქარხანასთან არსებულ სასტუმროდ; ხოლო 1946 წლიდან ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის თაოსნობით გაიხსნა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი.
No comments:
Post a Comment