Tuesday, February 2, 2016



მტირალას ეროვნული პარკი
Tel:+995 598 760 860


საქართველოში გავრცელებულია მცენარეულობის თითქმის ყველა ტიპი: ტყეები, ბუჩქნარები, ტორფნარები, მდელოები, სტეპები, ნახევრად უდაბნოს მცენარეულობა, ზღვისპირა ქვიშნარების მცენარეული თანასაზოგადოებები, სუბნივალური ფლორისტული კომპლექსები.
ფლორის ასეთი სიმდიდრესა და ენდემურობის მაღალ დონეს განაპირობებს საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების ნაირგვარობა. ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე აღწერილია ფარულთესლოვანი (ყვავილოვანი) მცენარეების 4300, შიშველთესლოვანი - 20-მდე, გვიმრანაირების - 75, ხავსების - 665, წყალმცენარეების - 2000-მდე სახეობა. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ძირითადად 3 ტიპის ნიადაგი გამოიყოფა. ზღვის დონიდან 1381 . გავრცელებულია წითელმიწები, რომლებზეც შერეულ, ფართოფოთლოვან ტყეებს ვხვდებით. აბსოლუტური სიმაღლის მატებასთან ერთად წითელმიწები იცვლება ყვითელმიწა, ყომრალ და ტყის ყომრალ ნიადაგებით, რომლებსაც აქ ძირითადად წიფლნარები და წიფლნარ-წაბლნარი ტყის მასივები მიესადაგება. სწორედ ამ ორი უკანასკნელი ტიპის ნიადაგების სახესხვაობებია ყველაზე ფართოდ გავრცელებული პარკის ტერიტორიაზე. ჭალებში აქა-იქ ალივიური ნიადაგების ფრაგმენტებს ვხვდებით.
მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია რელიქტურ მცენარეთა იშვიათი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ გავრცელებულია 68 ოჯახის 202 გვარის 284 სახეობა, მათ შორის ხემცენარეთა 18, ბუჩქების 21 და ბალახების 245 სახეობაა. 16 სახეობა ენდემურია, მათ შორის კავკასიის 5, საქართველოს 1, კოლხეთის 3 და აჭარის 3 ენდემია. საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი იშვიათი რელიქტური ენდემებია: პონტოური მუხა, მედვედევის არყი, უნგერნის შქერი, ეპიგეა და სხვა. მარადმწვანე ბუჩქი უნგერნის შქერი და მედვედევის არყი მსოფლიოში მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გვხვდება.წინასწარი შესწავლის შედეგების მიხედვით პარკის ტერიტორიის ცხოველთა სამყარო (ძუძუმწოვრები, ფრინველები, ამფიბიები და რეპტილიები, თევზები) წარმოდგენილია 95 სახეობით. იმ სახეობათაგან, რომელთა გავრცელებაც პარკის ტერიტორიაზე ეჭვს არ იწვევს 9 სახეობა (ღამურები - სამხრეთული ცხვირნალა და ევროპული მაჩქათელა, კავკასიური ციყვი, დიდი მყივანი არწივი, გავაზი, კავკასიური სალამანდრა, კავკასიური გველგესლა და პეპლები - აპოლონი და კავკასიური ზერინთია) შეტანილია წითელ ნუსხაში, როგორც გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობები, ხოლო 23 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი; ზემოთ დასახელებულთა გარდა, ესენია: ფოცხვერი, მურა დათვი, მდინარის კალმახი და სხვ. პარკის ტერიტორიაზე მსხვილი ძუძუმწოვრებიდან, ასევე, გავრცელებულია შველი და გარეული ღორი. შედარებით დიდი ზომის სხვა ფრინველებიდან გვხვდება: ჩია არწივი, ძერა, ირაო, ქორი და სხვა.

No comments:

Post a Comment