ანანური
Tel:+995 598 760 860
ანანური ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან. ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მასში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბლომად მოიპოვება ამ ეპოქის ძეგლები, ასე ერთად თავმოყრილი და შედარებით კარგად დაცული მხოლოდ რამდენიმეა.
ანანურის კომპლექსი მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე, თბილისიდან
60 კმ-ის დაშორებით იმავე სახელწოდების სოფელში. წარსულში ეს ადგილი წარმოადგენდა არაგვის საერისთავოს მთავარ საკვანძო პუნქტს, სადაც თავს იყრიდა, ერთი მხრივ ჩრდილოეთიდან —
თერგი-არაგვის ხეობებითა და მეორე მხრივ, ქართლის შუა ადგილებიდან, დუშეთის გავლით მომავალი მთავარი გზები.კომპლექსის ადგილას არ ჩანს ადრეული პერიოდის ნაგებობათა კვალი. ამ ადგილის, როგორც სტრატეგიული პუნქტის მნიშვნელობა გაზრდილა ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ. იგი არაგვის ერისთავების რეზიდენციის ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა, აქ იყო მათი მთავარი სამლოცველო და საგვარეულო სამარხი, ხოლო მისი არსებობის უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, ერისთავთა რეზიდენციაც აქვე უნდა ყოფილიყო. ანანურის ციხე ხშირად ექცეოდა ფეოდალური დაპირისპირებების ეპიცენტრში. მსგავსი მოვლენებიდან აღსანიშნავია
1739 წლის ტრაგედია: როდესაც შანშე ქსნის ერისთავი რუსეთში იყო წასული, არაგვის ერისთავებს მისი ძმის, იესეს ცოლი ყიზილბაშებისათვის გადაუციათ და ნამუსი აუხდიათ. რუსეთიდან დაბრუნებულ შანშეს ოჯახის შეურაცხმყოფელნი სასტიკად დაუსჯია.
No comments:
Post a Comment