Tuesday, February 2, 2016



გელათი
Tel:+995 598 760 860

გელათის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. გელათის მონასტერში ინახებოდა მდიდრულად მორთული და მინიატიურებით შემკული ქართული ხელნაწერები, რომელთა დიდი ფონდი აქ ძველთაგანვე არსებობდა, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნების ბევრი შესანიშნავი ნიმუში (მაგ. ხახულის ღვთისმშობლის ხატი). გელათის მონასტრის ზღუდის გარეთ დაახლოებით 150 მ-ზე, მის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, შემორჩენილია სოხასტერის მონასტრის (საყუდებულ ბერთა სამყოფელი) ნანგრევები - ეკლესიების, კოშკის ტიპის საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ნაშთები. მონასტრის სამხრეთ-დასავლეთით მაღალ კონცხზე წმ. საბას სახელობის დარბაზული ეკლესიის (X-XI სს.) ნანგრევებია.
მის მახლობლად, გზის გაღმა, წმ. ილიას სახელობის ეკლესიაა. მოშორებით, მდინარე წყალწითელის ხეობაში, ე. წ. "დავითის კონცხზე", მტრის თავდასხმისაგან მონასტრის დამცველი დიდი მრგვალი კოშკის ნანგრევები.1923 წელს გელათის მონასტერი დახურეს. ამჟამად იგი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალია. 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად მიიღო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 2010 წელს ბაგრატის ტაძარს მასზე დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო მიენიჭა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსი, რაც ასევე შეეხო გელათის მონასტერს. 2013 წელს საქართველომ ხელახლა წარადგინა გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისაღებად, ამჯერად ბაგრატის ტაძრისგან დამოუკიდებლად.

No comments:

Post a Comment